გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა შემდეგი: ბრალდების პირველი ეპიზოდი - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თბილისში მოწყობილი თაღლითური ქოლ-ცენტრის, თანამდებობრივი ავტორიტეტის და ძალაუფლების გამოყენებით მფარველობისათვის, 2021-2022 წლებში გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით აიღო 1 365 000 აშშ დოლარი.
ბრალდების მეორე ეპიზოდი - 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასა და განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმების მსურველ ინვესტორს, საკითხის ლობირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, ქრთამის სახით გამოართვა 1 000 000 აშშ დოლარი.
ბრალდების მესამე ეპიზოდი - 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დირექტორს და დამფუძნებელს გაზიფიკაციის ტენდერებში ლობირების და გამარჯვების სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.
ბრალდების მეოთხე ეპიზოდი - გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისათვის მეწარმე სუბიექტებისგან, სააგენტოს თანამშრომლების მეშვეობით, ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ 2018 -2023 წლებში ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 5 325 943 ლარი შეადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გრიგოლ ლილუაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ $400 მილიონი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს - ბექა ძამაშვილი
16.09.2026.20:13
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.
მისი თქმით, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.
„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება.
მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას.
„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.