გუდაურამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე კვლავ ნარჩუნდება მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, ახალქალაქი კარწახის საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.
დიდთოვლობის გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები: ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე და ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.