გუდაური 3-4 თებერვალს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს
3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი ლუკაშ ლიგოცკი.
მსოფლიო თასის ეტაპი გუდაურში პირველად ტარდება, ღონისძიებას საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე" გადაიცემა.
გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ, საქართველო, კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა. 2023 წლის დეკემბერში ბაკურიანში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. აღნიშნული შეჯიბრიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.
2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გრძელდება, 10-11 თებერვალს კი სკი კროსის დისციპლინის მასპინძელი კვლავ ბაკურიანი იქნება.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორები არიან კომპანიები „ბორჯომი","თი ბი სი" „რედკო" და „სილქნეტი".
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.