გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
სხვა სიახლეები
ქვეშეთი–კობის გზაზე თაღოვანი ხიდის თაღის მშენებლობა დასრულდა
17.11.2026.11:03
ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში, ხადის ხეობაში, თაღოვანი ხიდის ორი ნაწილი შეერთდა და 300 მეტრი სიგრძის თაღის მშენებლობა დასრულდა. ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან — 166 მეტრი. ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
მშენებლობის მომდევნო ეტაპზე თაღზე ხიდის ბურჯები მოეწყობა, შემდეგ კი აშენდება მალის ნაშენი — კონსტრუქცია, რომელზეც საავტომობილო გზა გაივლის.
თაღოვანი ხიდი ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი ახალი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შენდება ორზოლიანი ასფალტბეტონის გზა, ხუთი ახალი ხიდი და ხუთი გვირაბი. რეაბილიტაცია უტარდება ერთ არსებულ ხიდსაც. ხუთი ახალი ხიდიდან ერთის მშენებლობა დასრულებულია, ოთხზე კი სამუშაოები გრძელდება.
დასრულებულია ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გამავალი 9-კილომეტრიანი ძირითადი გვირაბისა და მის პარალელურად მდებარე, იმავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, საევაკუაციო გვირაბში კი — რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობა მიმდინარეობს.
ახალი გზა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს. ის ქვეშეთიდან ხადის ხეობის გავლით სოფელ კობამდე მივა და სტეფანწმინდისკენ მიმავალ არსებულ გზას შეუერთდება. ახალი მარშრუტი შეამცირებს დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გავლენას გადაადგილებაზე და ხადის ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში საჭირო მომსახურებებზე უფრო საიმედო წვდომას შეუქმნის.
გზის ამოქმედების შემდეგ სატრანზიტო მოძრაობა, მათ შორის სატვირთო მიმოსვლა, გუდაურის საკურორტო ზონას გვერდს აუვლის, რაც კურორტზე მოძრაობის დატვირთვასა და ხმაურს შეამცირებს. პროექტის ფარგლებში შენდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი, 5-კილომეტრიანი გზაც.
ქვეშეთი–კობის ახალი გზა ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნისა და ევროპული საერთაშორისო მარშრუტის - E117-ის, ნაწილია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.