გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა
გუდაურში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს.
როგორც „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, სავარჯიშო და საკვალიფიკაციო ეტაპმა კი წარმატებით ჩაიარა.
"საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში. ეს არის ქვეყნის დიდი წარმატება და აღიარება. მსურს, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას. ამ სეზონის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია, წარმატებულად ჩავატარეთ მსოფლიო თასები, ფრირაიდის მსოფლიო ტური, შესაბამისად, ამან განაპირობა, რომ გვემასპინძლა ასეთი ღონისძიებისთვის, რომელიც პირველად ტარდება. გამოწვევა იყო, რაც გადავლახეთ, დაუღალავად იმუშავა ჩვენმა გუნდმა. სავარჯიშო და საკვალიფიკაციო ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ვიმედოვნებთ, წარმატებით ჩავატარებთ მეხუთე საერთაშორისო ღონისძიებას",-აღნიშნა ბურჭულაძემ.
როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა, პიტერ კროგოლმა განაცხადა, ძალიან კარგია ის მხარდაჭერა, რასაც საქართველოს მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან იღებენ.
"მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ, საქართველოში, გუდაურში სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის. გასულ წელს, ბაკურიანში მსოფლიო ჩემოუონატისა და სხვა მსოფლიო თასების წარმატებულად მასპინძლობის შემდეგ კარგი შესაძლებლობაა აქ ჩამოსვლა. იცით, რომ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს აქვს მაღალი დონის შესრულების მაჩვენებელი. ძალიან კარგია ყველა ის მხარდაჭერა, რასაც საქართველოს მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან ვიღებთ. მადლობა, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, წარმატებული, კარგი და დასამახსოვრებელი ჩემპიონატების მასპინძლობისთვის",- აღნიშნა პიტერ კროგოლმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.