გუდაურში დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - ლევან დარსალია
„ჩვენ წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში. შესაბამისად, წელს ძალიან ბევრი სიახლე ექნებათ დამსვენებლებს“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.
მისივე თქმით, ,,ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ჩვენი ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად ახალი, დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
სხვა სიახლეები
სგპ ,,წითელ ხიდზე" მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
08.10.2026.13:48
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი", სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული - 9 038 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 38 289 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.