გუდიაშვილის მოედანზე დაპირებული მუზეუმის პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება - კახა კალაძე
„რაც იყო ჩვენი დაპირება, რომ გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის შემდეგ მუზეუმი გაკეთდება, ეს პროექტი, რა თქმა უნდა განხორციელდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის ფარგლებში მუზეუმის მოწყობის დაპირება შეახსენა.
კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები სწორედ ამ მუზეუმში განთავსდება.
„სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე თვის წინ დასრულდა. რაც შეეხება ჩვენს დაპირებას, რაც იყო მუზეუმთან დაკავშირებით, ერთი კონკრეტული შენობა გვაქვს გამიზნული იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი იქნეს განხორციელებული. როგორც კი ჩვენ ბიუჯეტში გვექნება შესაბამისი თანხები, რა თქმა უნდა, აღნიშნული პროექტი იქნება განხორციელებული. ეს იყო ჩვენი დაპირება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ პროექტის განხორციელების დროს ნანახია ძალიან საინტერესო ნივთები და ეს ყველაფერი განთავსებული იქნება მუზეუმში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობების ივლიანე წულაიასთვის მიყიდვას იმავე ფასად, რაც სახელმწიფოს დაუჯდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ აღნიშნული შენობები აუქციონის წესით გასხვისდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ფასს არა მერია, არამედ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო ადგენს.
მისივე თქმით, სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ შენობები მოგების ინტერესიდან გამომდინარე გაყიდოს.
„აუქციონზე იყო გატანილი აღნიშნული შენობები. სახელმწიფო არ არის ბიზნესკომპანია, რომ მოგება ნახოს. ნეტა ყველა შენობა ისე გაგვაყიდინა, დახარჯული თანხები რაც არის, ის ამოვიღოთ. ამდენად, ეს საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის გამჭვირვალე, კანონის ფარგლებში. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს გადაწყვეტილებას, არა მხოლოდ მერობის პერიოდში, მანამდე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ჩემი პოლიტიკაში ყოფნის დროს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს. ბუნებაში არ არსებობს ასეთი ფაქტი. შენობა რა ფასად გაიყიდება, ამას განსაზღვრავს სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელიც აკეთებს შეფასებას და იმის მიხედვით ხდება აუქციონის გამოცხადება. რაც შეეხება ბატონ წულაიას, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ის ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეველოპერულ კომპანიას. ასე რომ, ის ბიზნესმენია, მას აქვს მისი საქმე, ეს ჩემთან პირად ურთიერთობაში არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.