გუგლი არის გლობალური მოთამაშე და ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს სხვა დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Google Street View-ს საქართველოში ოპერირების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი
„Google Street View-ს საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენი უნიკალური ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა, ახლა უკვე ონლაინ არის ხელმისაწვდომი საერთაშორისო აუდიტორიისთვის. შედეგად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და მიმზიდველი გახდება. გარდა ამისა, Google Street View შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მცირე ბიზნესებს თავიანთი პროდუქცია უკეთ წარმოაჩინონ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის”, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
GITA - ს თავმჯდომარის თქმით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების შექმნა ქართული ინოვატორებისთვის, სტარტაპებისთვის, საერთაშორისო აქსელერატორებისთვის.
„საერთო ჯამში, ეს უფრო მეტად აისახება საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. გუგლი არის გლობალური მოთამაშე და ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტ ინტერესს სხვა დიდი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან.“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
Google-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნული პროექტი საქართველოს ბუნებას, მრავალფეროვან ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს. 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით, Google Street View საქართველოს დანახვას უფრო ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოს მოქალაქეების, ტურისტებისა და ინვესტორებისთვის.
Google Street View-ის გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია.
სხვა სიახლეები
დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში
22.06.2026.17:31
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ გახსნით ღონისძიებასა და პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა განათლების სექტორში მოკლევადიანი პროგრამების მნიშვნელობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნობრიობას გადამზადების პროგრამების შემუშავებაში.
პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის" აერთიანებს განახლებადი ენერგიების სექტორის ბიზნეს-წარმომადგენლებს, ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დარგის ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოებისა და სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.
პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ორგანიზებულია უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის მიერ.