გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - ჩვენ ყოველთვის სწორ გზას ვირჩევთ l რევაზ სოხაძე
,,დღეს გავხსენით მორიგი 6 კილომეტიანი მონაკვეთი იმ მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს სტრატეგიული ინფრასტუქტურა, უკეთესი ცხოვრების, რეგიონებში ახალი სიცოცხლის გაჩენის და ბიზნესის უკეთეს პირობებში კეთების შესაძლებლობად იქცა“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის მთავარი მაგისტრალი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონების გაძლიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.
მისი განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხარისხია და სწორედ ამ პრინციპით მიიღება გადაწყვეტილებები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.
„ამ გზის გახსნა სამი თვის წინაც შეგვეძლო. ეს იყო ჩვენი გეგმაც და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებაც, თუმცა შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებდა იმ ხარისხს, რომელიც სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს უნდა ჩააბაროს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - ჩვენ ყოველთვის სწორ გზას ვირჩევთ“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დღეს მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა აღარ არის და საერთაშორისო მნიშვნელობის მარშრუტად ჩამოყალიბდა, რომელმაც რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებშიც დაამტკიცა თავისი სანდოობა, სტაბილურობა და კონკურენტუნარიანობა.
რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს, პროექტზე დასაქმებულ ინჟინრებს, მშენებლებს და ყველა იმ ადამიანს, რომლის შრომითაც მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც მთავარი პრიორიტეტი მხოლოდ მეტი პროექტის განხორციელება კი არა, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა იქნება.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმები, ხარისხის კონტროლის გამკაცრება, რეგულაციების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურულ სფეროში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა.
„ქვეყანას სჭირდება ახალი თაობის ინჟინრები, არქიტექტორები, მშენებლები, ტექნიკოსები და პროფესიონალები, რომლებიც საქართველოს მომავალს შექმნიან. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ცოდნა, ხარისხი და პროფესიონალიზმი განვითარების მთავარი საფუძველია“ -აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
სხვა სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს
21.09.2026.17:16
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, - აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
„მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.
ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.