გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება მივიღეთ - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე გზის დაზიანების მიზეზებზე განცახდებას ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა. რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში.
დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად მიღებული იქნა გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო განვლადობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, დღეს დილიდან, სამუშაოების დაწყებამდე გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გზის ნაწილის ჩამოშლა მოხდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის არსებული საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე. ეს მონაკვეთი ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გადაადგილება დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება“, - ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის განცახდებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, ონისკენ მიმავალ გზაზე, კლდის მასა ჩამოიშალა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.