„ჰაერში აზოტის ჟანგეულობის მაღალი კონცენტრაციაა”- რომელია თბილისში ყველაზე დაბინძურებული უბნები
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერში აზოტის ჟანგეულების მაღალი კონცენტრაციაა.
როგორც ნოე მეგრელიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქში ფიქსირდება, სადაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ავტომობილი გადაადგილდება.
„ჰაერის დაბინძურების კუთხით ორი პრობლემური დამბინძურებელია - მყარი ნაწილაკები და აზოტის ჟანგეულები. აზოტის ჟანგეულები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსტპორტის გამონაბოლქვთან. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება დედაქალაქში, სადაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ავტომობილი გადაადგილდება.
იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. კერძოდ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ მელიქიშვილზე, პეკინზე, დადიანზე, ქეთევან წამებულის გამზირზე.
ამრიგად, ყველა მსხვილ მთავარ გზაზე აზოტის ჟანგეულების გადაჭარბება გვაქვს, რიგ შემთხვევებში, ორჯერადი გადაჭარბებაც კი ფიქსირდება. 2022 წელს პირველად დაფიქსირდა ნორმის გადაჭარბება რეკრეაციულ ზონაში, 9 აპრილის პარკში.
2019 წლიდან კონცენტრაციების კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ეს იმის შედეგია რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ტექნიკური დათვალიერება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება.
თუმცა 2022 წელს მატება გვაქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან. ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია”, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.