ICPEN-ის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის დასკვნით ღონისძიებას GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გახსნის
17 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსმიერ ორგანიზებულ, მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის დასკვნითი, მესამე სამუშაო დღე გაიმართება. დღის პროგრამას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გახსნის, იგი წინა ორი დღის მუშაობის ძირითად შედეგებსა და განხილულ საკითხებს შეაჯამებს.
კონფერენციის მესამე დღის ერთ-ერთი მთავარი თემატური მიმართულება აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებისა და გამოცდილების განხილვა იქნება. სესიის – „მომხმარებელთა დაცვის რეგიონული პერსპექტივები: აღმოსავლეთ ევროპა და სამხრეთ კავკასია“ – ფარგლებში, ერთ პანელში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, ასევე ბულგარეთის მომხმარებელთა დაცვის კომისიის წარმომადგენელი მიიღებენ მონაწილეობას. პანელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, რადგან მეზობელი ქვეყნების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაცვალონ მოსაზრებები მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებულ საერთო გამოწვევებზე, აღსრულების პრიორიტეტებსა და საზღვრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ გზებზე. სესიას გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) პროგრამების მართვის ოფიცერი ვალენტინა რივასი გაუძღვება.
დასკვნითი პროგრამის სამუშაო სესიები დაეთმობა თემებს მომხმარებელთა დაცვის სფეროში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მომხმარებელთა წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებს, ციფრულ ბაზრებზე წარმოქმნილ რისკებსა და კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის ურთიერთკავშირს. ყურადღება გამახვილდება აღსრულების ეფექტიან მექანიზმებზე, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებასა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარებაზე.
დღის ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძიება 2026 წლის მომხმარებელთა დაცვის ჯილდოების გადაცემის ცერემონია იქნება. მსოფლიო ბანკის ჯგუფი და ICPEN მომხმარებელთა დაცვის სფეროში განხორციელებულ გამორჩეულ, ინოვაციურ და ეფექტიან ინიციატივებს გამოავლენენ და დააჯილდოებენ. დაჯილდოება, საერთაშორისო მასშტაბით, მომხმარებელთა დაცვის სფეროში მიღწეული შედეგების აღიარებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება. ცერემონიას მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენელი ელენა გასოლ რამოსი და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გაუძღვებიან.
კონფერენციის მესამე სამუშაო დღე და მთლიანად მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია 17:00 საათზე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის დასკვნითი სიტყვით დასრულდება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026–2027 წლებში ICPEN-ის პრეზიდენტი უწყებაა. თბილისში გამართული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“. 15-17 სექტემბრის ოფიციალურ ღონისძიებაში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს.
სხვა სიახლეები
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმმა (GIMF 2026) წარმატებით ჩაიარა და ძალიან წარმომადგენლობითი იყო - ესწრებოდა IMO-ს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, გენერალური მდივანი და ბევრი სხვა ძალიან საინტერესო პიროვნება | ჯემალ ინაიშვილი
17.09.2026.10:00
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმმა (GIMF 2026) წარმატებით ჩაიარა და ძალიან წარმომადგენლობითი იყო - ესწრებოდა IMO-ს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, გენერალური მდივანი და ბევრი სხვა ძალიან საინტერესო პიროვნება, - ამის შესახებ „თბილისის მშრალი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„მე მართალია ვერ დავესწარი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რადგან არ ვიმყოფებოდი საქართველოში, მაგრამ მათ შორის თქვენი ვებგვერდის მეშვეობით ვაკვირდებოდი მსვლელობას და მე ვფიქრობ, რომ ფორუმმა ძალიან წარმატებითი ჩაიარა. ძალიან წარმოადგენლობითი იყო - ესწრებოდა IMO-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ბევრი სხვა ძალიან საინტერესო პიროვნება“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.