„იგლ ჰილს"-თან გაფორმებულ შეთანხმებაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული სახელმწიფოს ინტერესები" - ირაკლი ნადარეიშვილი
„სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილს"-თან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პროექტის მართვაზე ვალდებულია კომპანია. სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე მმართველობით რგოლში, თუმცა, უფრო პასიური ფორმით, რაც ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მართვის და პროექტების განვითარების ცოდნა და ნოუ ჰაუ ამ შემთხვევაში აქვს ინვესტორს და არა სახელმწიფოს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
საინვესტიციო შეთანხმებაზე საუბრისას, რომლის თანახმად „იგლ ჰილს საქართველო" თბილისსა და გონიოში 6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მასში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ორივე მხარის - როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორის ინტერესები.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა და მეც მინდა აღვნიშნო - მივიღეთ შეთანხმება, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს სახელმწიფოს ინტერესებს, თუმცა, ამავე დროს ინვესტორის საჭიროებებიც მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი. შედეგად, ჩვენ, სახელმწიფოს ერთობლივ საწარმოში 33% გვაქვს, „იგლ ჰილსს" კი აქვს პროექტის სრული დაფინანსების უპირობო ვალდებულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე იმ ეკონომიკურ ეფექტზე ისაუბრა, რომელსაც „იგლ ჰილს"-ის უპრეცედენტო ინვესტიცია გამოიწვევს. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, რამდენჯერმე მეტი იქნება ის გვერდითი ეფექტი, რომელიც ექნება სამშენებლო, დეველოპერულ, ტურიზმის სექტორებს და ყველა იმ მომიჯნავე დარგებს, რომლებიც ჩართულნი იქნებიან პროექტის განვითარებაში. ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას, რეპუტაციას და სანდოობას სხვა ახალი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.