იგოეთი-კასპი-მეფისქალაქის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-მეფისქალაქის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი (კმ9 - კმ20) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება დაბა კასპში ცენტრალურ მოედანზე და შემდეგ ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის, მხოლოდ დასაწყისში და ბოლოში არის მჭიდროდ დასახლებული უბნები. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება; მოეწყობა ტროტუარები და ახალი წყალგამტარი მილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე არსებულ ხიდს; ასევე, მოეწყობა ზედა და ქვედა საყრდენი კედლები, კიუვეტები, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე ჭები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 889 937 ლარით ფინანსდება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
სხვა სიახლეები
ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება
10.09.2026.14:32
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ მოძრაობის დროებითი სქემა 11 სექტემბრის 00:00 საათიდან იცვლება. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ.
ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტომანქანები მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, ისე ფილარმონიისკენ და მარცხნივ მოხვევით ჭოველიძის ქუჩაზე. ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ასევე, მარცხნივ ფილარმონიის მიმართულებით.
იცვლება ამ მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტიც: ავტობუსები - N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 391, 397 და მიკროავტობუსები - N457, 472, 532, 540, 541 მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოხვდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. აქედან კი დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას კოსტავას ქუჩასთან დასაკავშირებლად ანალოგიურად გამოიყენებენ მარჯვენა სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტის ორი გაჩერება იმოქმედებს - N8-თან და მის მოპირდაპირედ, ასევე, N14-თან და მის მოპირდაპირე მხარეს.