ილიას ბაღის იერსახის აღდგენა მიმდინარე თვეში დაიწყება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიასა და შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ბაღში საკმაოდ პრობლემური მდგომარეობაა და კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არაა.
„ილიას ბაღის ტერიტორია იჯარით არის გადაცემული. 2011 წელს მოხდა მისი გასხვისება 49 წლის ვადით. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს მოწესრიგებული, ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურით. ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. უამრავი წერილი და შეტყობინება შემოდის და ისმევა კითხვები, რატომ არ აწესრიგებს ამას მერია. ჩვენ ამისი უფლებამოსილება არ გვაქვს, რადგან ბაღი კერძო საკუთრებაშია. წინა სხდომაზე ვიცე-მერს დავავალე, რომ შეხვედროდა ამ კომპანიის წარმომადგენელს და დალაპარაკებოდა. თუ ისინი არ და ვერ ჩაატარებდენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდებოდა და ტერიტორია დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, შეთანხმების თანახმად, ილიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. „შეხვედრის შედეგად, მოხდა შეთანხმება და კომპანია მთლიანად მოაწესრიგებს ილიას ბაღს. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას თანამშრომლობისთვის. ზოგადად, მივესალმები ამ დამოკიდებულებას. მსგავსი პროექტების განხორციელებაში ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.