ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებული სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა აქტიურად გრძელდება - სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. მორიგი პრეზენტაცია პროექტის შესახებ ილიას უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც პროგრამის დეტალები სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა წარუდგინა. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ნიკოლოზ ყაველაშვილი.
„ხაზგასასმელია, რომ თუ სტუდენტებს ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, მიეცემათ ანაზღაურებადი სტაჟირების მიღების შესაძლებლობა ენერგეტიკულ კომპანიებში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების განვითარებას, მანამდე არსებული თეორიული ცოდნის გაღრმავებას და ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სექტორს შეემატოს დამატებითი ჯანსაღი ძალა და მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს დაინტერესებული ენერგეტიკის მიმართულებით" - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდგომ, შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება.
ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სტაჟირების პროგრამა უნიკალურია იმითაც, რომ სტაჟირების ენერგეტიკულ კომპანიებში ჩატარების მიუხედავად, ის არ არის განკუთვნილი მხოლოდ ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებზე. „პროგრამა გაცილებით ფართოა და დააინტერესებს სხვა პროფილის სტუდენტებსაც. იმედი გვაქვს, რომ პროგრამა სტუდენტებს შორის პოპულარული იქნება. მეტიც, მისი დასრულების შემდეგ, შესაძლოა, პროგრამის არაერთი მონაწილე რომელიმე სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიაში დასაქმდეს," - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.
უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებების გარდა, სტაჟირების პროგრამის მიმართულებებია: ელექტროენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; თბოენერგეტიკა; ავტომატიზებული მართვის სისტემები; იურიდიული; ეკონომიკური; აღრიცხვის კონტროლი; აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები; ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები; ინჟინერ-გეოდეზია; სამთო გეოლოგია/ გეოინჟინერია; გაზით ვაჭრობა; ენერგეტიკული ბაზრის მართვა; გარემოს დაცვა და ქიმია.
ილიას უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები პროგრამის პრეზენტაცია გამართავენ. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მომავალში სამინისტროსთან მემორანდუმის ხელმომწერ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც გაიმართება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.