ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება გაგრძელდება - პრემიერი
ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი რამდენჯერმე არის გაზრდილი, მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას, გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ეკონომიკურ ზრდაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია 9 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნისთვის.
„მაგისტრალების მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენ გვქონდა საუბარი ირაკლი ქარსელაძესთან მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით, უბრალოდ წარმოუდგენელი მაჩვენებლებია. წინა ხელისუფლების პირობებს რომ შევედაროთ, მაშინ მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა ქვეყანაში. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 34 კილომეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭრა და 22 კილომეტრი სიგრძის ხიდები აშენდა, აქ საუბარია მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე, არ არის საუბარი სხვა კობი-ქვეშეთის გვირაბზე და ა.შ. ისე არის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი. რეალურად რამდენჯერმე არის გაზრდილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ვისარგებლებ შემთხვევით და ირაკლი ქარსელაძეს ამისათვის განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი. მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას და გაძლიერებას, ეს საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ა.შ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.