ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მინისტრები თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან
„სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი კახეთში, თელავში, წუხელ განვითარებული სტიქიის ზონაში ჩავიდნენ.
მინისტრები ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას, დაათვალიერეს დაზიანებული ტერიტორიები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას აფასებენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის მიზნით მობილიზება გაუკეთა 70 ერთეულამდე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ბობკატებს, თვითმცლელებს, გრეიდერებსა და ექსკავატორებს. ტექნიკა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბთან კოორდინაციით ეტაპობრივად გადანაწილდება იმ ლოკაციებზე, სადაც მისი გამოყენება ყველაზე მეტად არის საჭირო.
შესაბამისი უწყებები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადაში აღდგეს და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისი უწყებები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის კოორდინაციით აგრძელებენ გზების გაწმენდას, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას.
სხვა სიახლეები
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა l რევაზ სოხაძე
12.07.2026.18:02
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ოპერატიული შტაბის სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით 100 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე ხევის სათავეების მიმართულებით.
„აქტიურად მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი, ისე საპრევენციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 100 ერთეული ტექნიკა. ვიმყოფებოდით ხევის სათავეებშიც, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ოპერატიული შტაბის სხდომაზე განვიხილეთ როგორც უახლოეს დღეებში გადასაწყვეტი საკითხები, ისე ის ღონისძიებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განხორციელდეს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სტიქიის შედეგები უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას და პარალელურად დაიგეგმოს ისეთი პრევენციული სამუშაოები, რომლებიც მომავალში მსგავსი რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას დამბებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი გაუმართაობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, დამბებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2022 წელს ჩატარდა და მათ მიმდინარე სტიქიის დროს თავისი ფუნქცია შეასრულეს. მინისტრის განცხადებით, სპეციალისტები უახლოეს დღეებში დეტალურად შეისწავლიან სტიქიის გამომწვევ მიზეზებს, თუმცა ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მომხდარი პროცესები დამბების მდგომარეობას არ უკავშირდება.
რევაზ სოხაძის თქმით, ოპერატიული შტაბი იმსჯელებს სტიქიასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის იმ გარემოებებზეც, რომლებიც დამატებით შესწავლასა და შესაბამის გადაწყვეტილებებს საჭიროებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს რეაგირება იქნება ყველა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება კანონდარღვევა ან მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი გარემოება.