ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს გაეცნო
„დღეს ბაკურიანში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობას. ასევე მოვინახულეთ სათავე ნაგებობა, სადაც სამუშაოები პრაქტიკულად უკვე დასრულებულია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
მინისტრი ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
რევაზ სოხაძესთან ერთად პროექტები დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახალი სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, საფილტრი და სატუმბი სადგურების, მაგისტრალური მილსადენების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავს.
„მსურს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ბაკურიანის მოსახლეობას, ტურისტებსა და დამსვენებლებს იმ დროებითი დისკომფორტისთვის, რომელიც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახლავს. კარგად გვესმის, რომ მასშტაბური პროექტების განხორციელება გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს, თუმცა ეს სამუშაოები ბაკურიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
პირველი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობის გაფართოება-რეკონსტრუქცია და ახალი რეზერვუარების მშენებლობა. ამ ეტაპზე მოწყობილია 15.4 კილომეტრი წყალმომარაგების და 18 კილომეტრი წყალარინების ქსელი, ასევე 562 რკინაბეტონის ჭა. სამუშაოების დაახლოებით 50% უკვე შესრულებულია.
მეორე პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 19.3 კილომეტრი წყალმომარაგების და 17.3 კილომეტრი წყალარინების ქსელი, ასევე 387 რკინაბეტონის ჭა. სამუშაოები მიმდინარეობს აღმაშენებლის, წაქაძის, სადგურისა და გოგოლაძის ქუჩებზე, ასევე კოხტა-მიტარბის მიმართულებით. პროექტის შესრულების მაჩვენებელი 43%-ს შეადგენს.
მესამე პროექტის ფარგლებში სოფელ ტიმოთესუბანთან შენდება ახალი სათავე ნაგებობა და სატუმბი ინფრასტრუქტურა. დასრულების ეტაპზეა საფილტრი სადგურის მშენებლობა, მოწყობილია ორი ახალი, თითოეული 3 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი და სრულად აშენებულია დაახლოებით 4.8-კილომეტრიანი მაგისტრალური მილსადენი. პროექტის ფარგლებში სამუშაოების 68% შესრულებულია.
ადგილზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციასა და შესრულების ტემპს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, სამუშაოები მაქსიმალურად კოორდინირებულად და ინტენსიურად წარიმართოს, რათა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყოს დაზიანებული ქუჩებისა და საგზაო საფარის აღდგენა.
„ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ძირითადი სამუშაოები დასრულდება და უკვე მომავალი წლიდან ბაკურიანს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გამართული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები. ამასთან, პარალელურად ვიწყებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა სოხაძემ.
პროექტების დასრულების შემდეგ, ბაკურიანის 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 140 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.