ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით სამშენებლო სექტორისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
“დღეს სამშენებლო კომპანიები კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობენ პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით ამზადებენ სპეციალისტებს. ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ბიზნესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები’’- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბიზნესისა და პროფესიული კოლეჯების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისა და კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, სამშენებლო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო სამშენებლო სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი და ამ გამოწვევის დასაძლევად სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული განათლების სისტემის მჭიდრო თანამშრომლობა, კვალიფიციური კადრების ზრდა და მათი დასაქმება.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში სამშენებლო კომპანიებთან გამართული შეხვედრებისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტი გამოიკვეთა, რის გამოც მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლების სისტემა მაქსიმალურად პასუხობდეს შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს.
,,სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებს, საქართველოში კი არაერთი ძლიერი პროფესიული კოლეჯი ამზადებს იმ სპეციალისტებს, რომლებიც შრომის ბაზარს სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს და პროფესიულ სასწავლებლებთან პირდაპირი თანამშრომლობა გააძლიეროს”-განაცხადა მან.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში იქმნება ახალი სახელმწიფო კომპანია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო გზების მოვლა-შენახვის თანამედროვე სისტემის დანერგვასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. აღნიშნულის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სამინისტროსთან ერთობლივი ნაბიჯების დაგეგმვას, რათა სამშენებლო კომპანიებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი გახდეს. აღინიშნა, რომ სამშენებლო სექტორის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლების განვითარება და სახელმწიფოს, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მუდმივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებას და ახალგაზრდების დასაქმებას, ისე ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიან განვითარებას.
,,ჩვენ ძალიან ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი და მათი წარმატებით განხორციელება სწორედ კვალიფიციურ ადამიანურ რესურსზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა ბიზნესსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოოდ როგორც დარგის, ისე ქვეყნის განვითარებას წაადგება“-აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.