ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სექტორში მომუშავე კომპანიების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, მათი გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება, ასევე იმ გამოწვევების განხილვა, რომლებიც წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში იკვეთება.
როგორც გიორგი კობერიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით დამატებით 80-მდე სოფელში წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები და 16 მუნიციპალიტეტში წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების სისტემების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.
„ჩვენი მიზანია, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და შევქმნათ სამართლიანი და კომფორტული სამუშაო გარემო“- განაცხადა მან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპროექტო კომპანიების როლს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებაში. აღინიშნა, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტით შესრულებული პროექტირება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
მხარეებმა განიხილეს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საპროექტო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრის ფარგლებში კონტრაქტორებმა საკუთარი მოსაზრებები, რეკომენდაციები და საჭიროებები წარმოადგინეს.
დისკუსიის ფარგლებში ასევე იმსჯელეს იმ ცვლილებებზე, რომლებიც სამშენებლო სექტორის ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ დარგის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია სექტორში არსებული გამოწვევების, ხედვებისა და წინადადებების გაზიარებისთვის. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და მსგავსი სამუშაო შეხვედრების რეგულარულად გამართვაზე შეთანხმდნენ.
სხვა სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
31.07.2026.18:01
მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
ავტომობილები შემოვლას შეძლებენ ივანე მაჩაბლის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გამოყენებით. ასევე, ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანებით გადაადგილება დროებით შესაძლებელი იქნება სულხან-საბას ქუჩაზე.
აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.