ინგა ფხალაძემ გაეროს განვითარების პროგრამის ენერგეტიკის ცენტრის დირექტორთან საქართველოს ენერგეტიკული პროექტები განიხილა
„საქართველო პოზიცირებს, როგორც განახლებადი ენერგიების დამაკავშირებელი ხიდი ევროპასთან და რეგიონული განვითარების ახალი ერის უზრუნველყოფის მიზნით იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, ციფრულ სისტემებსა და ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობას", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა გაეროს გაეროს განვითარების პროგრამის (United Nations Development Programme – UNDP) ენერგეტიკის ცენტრის დირექტორი, რიად მედები სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან შეხვედრას, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში საერთაშორისო ფორუმის „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის" ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც საქართველოს და სამხრეთ კავკასიას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც წაახალისებს რეგიონებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობას, ასევე აზერბაიჯანის ინიცირებულ პარალელურ გეგმაზე, რომელიც დამატებით 4 გიგავატი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს და შავ ზღვას გადააქცევს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების გაცვლის დერეფნად ევროკავშირს, თურქეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე ტენდენციები, მათ შორის, მზის, ქარისა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება, შემნახველი ბატარეებისა და მწვანე წყალბადის ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.