ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკში, 6 ქვეყნის 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი სტუდენტებისთვის წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მონაწილეებს სერტიფიკატები სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გადასცა.
წლევანდელ საერთაშორისო ბანაკში 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებს 2023 წლიდან მართავს და ამ პერიოდის განმავლობაში 700-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.
ბანაკებში ისინი არა მხოლოდ ესწრებიან ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს, არამედ სწავლობენ გუნდურ მუშაობას რეალური პრობლემების გადასაჭრელად.
უცხოელი ახალგაზრდების ჩართულობა ხელს უწყობს მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას.
ყოველი ბანაკის თემა განსხვავებულია.
როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აცხადებს, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქვეყნების კონკურენტუნარიანობას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს არა მხოლოდ ტექნოლოგიებზე წვდომა, არამედ ის, თუ ვის შეუძლია ამ ტექნოლოგიების შექმნა და რეალურ ეკონომიკაში გამოყენება.
“ჩვენი ამოცანაა, საქართველოში სწორედ ასეთი თაობა გავზარდოთ - ახალგაზრდები, რომლებსაც ერთდროულად ექნებათ ტექნოლოგიური ცოდნა, სამეწარმეო აზროვნება და საერთაშორისო გამოცდილება. ამ ბანაკში 6 ქვეყნის 60 სტუდენტი სწორედ ამ პრინციპით მუშაობდა - AI-ის ტექნოლოგიებიდან და კიბერუსაფრთხოებიდან, მის ბიზნესსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოყენებამდე. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ასეთი ცოდნა გადაიქცეს ახალ პროდუქტებად, სტარტაპებად და საქართველოდან შექმნილ ტექნოლოგიურ წარმატების ისტორიებად“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
საერთაშორისო პროგრამა ინგლისურენოვანი იყო. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AI ანტრეპრენერობა, პრობლემების იდენტიფიცირება და სხვ.
ბანაკის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა, შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარების განვითარება და AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში ჩართვა.
სხვა სიახლეები
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
15.10.2026.16:04
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს, - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედალაქის ბაღებიდან აღებული სურსათის ნიმუშების კვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც, არც ერთ ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა და ყველა საკვები პროდუქტი სრულად შეესაბამება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
„განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუში.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)”, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნული კვლევის საჭიროება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დადგა, როცა კლინიკაში ბავშვთა მაღალი მიმართვიანობა დაფიქსირდა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ ბავშვთა ავადობა ნოროვირუსით იყო გამოწვეული. მიზეზების კვლევა მყისიერად დაიწყო და მასში ჩართული იყო როგორც დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები, ისე სურსათის ეროვნული სააგენტო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვების მიმართულების კონტროლის საკმაოდ მკაცრი მექანიზმი მოქმედებს. კვების თითოეულ პროდუქტს დაწესებულებაში შესვლისას თან ახლავს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევების ოქმები.
ამასთან, ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი და მუშაობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც ყოველდღიურ ზედამხედველობას უწევს საკვებ პროდუქტებს, მათ მომზადებასა და მიწოდებას საბოლოო ბენეფიციარამდე. ასევე, ყველა საბავშვო ბაღში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სპეციალისტები“, - აცხადებენ სააგენტოში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები გაასაჯაროვა.