ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკმა ჰაკათონს „ENERGOHACK 2026” უმასპინძლა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში, ჰაკათონი "ENERGOHACK 2026" გაიმართა და ჟიურიმ საუკეთესო პროექტები გამოავლინა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან საკუთარი იდეის შემდგომი განვითარებისთვის 10,000 ლარიანი გრანტი გადაეცა.
ჰაკათონი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 60-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანი იყო ენერგეტიკის დარგში არსებული სექტორული პრობლემების მოკვლევა და ინოვაციური, ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით მათი გადაჭრის გზების (პროტოტიპების) პოვნა. მონაწილეებს უწყვეტ რეჟიმში დახმარებას უწევდნენ გამოცდილი მენტორები, რომელთა მხარდაჭერითაც იდეები რეალურ პროექტებად და სტარტაპ კონცეფციებად იქცა. ჰაკათონის სხვადასხვა ნომინაციაში რჩეულ გუნდებს პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა სპეციალური საჩუქრები გადასცეს.
„ENERGOHACK 2026“-მა გააერთიანა ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები, ინჟინრები, პროგრამისტები, დიზაინერები და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდები, რაც ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას. ჰაკათონი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რეგიონებში ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისა და ენერგეტიკის სექტორში თანამედროვე ციფრული გადაწყვეტების დანერგვის კუთხით.
პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), გენერალური სპონსორია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, პარტნიორი კომპანიები: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, GREDA, VDC, ჰანიველ ცემენტი, სოკარი, საქართველოს განახლებადი ენერგია.
სხვა სიახლეები
სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დააჯარიმა
15.10.2026.14:09
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 ათასი ლარით დააჯარიმა.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა 2027 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობებსა და სატუმბ სადგურებზე წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების, ასევე კომპანიის კუთვნილი ელექტრომეურნეობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
გარდა ამისა, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა, კომპანიამ, ყველა საჭირო სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს მდინარე მტკვარზე არსებული აკვედუკი 5-ის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა სამუშაოების დასრულების შემდგომ სემეკში წარადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ მომზადებული, საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან წყალმომარაგების სისტემის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.