ინოვაციური სტარტაპ სტატუსი, რაც გულისხმობს პირველი სამი წელი ნულოვანი საშემოსავლო გადახდის რეჟიმს, უპრეცენდენტოა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ ადგილობრივ სტარტაპს „ინოვაციური სტარტაპის სტატუსი" მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს.
„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ ინოვაციურ სტარტაპ საზოგადოების განვითარება წარმოადგენს. ჩვენ მრავალი წელია სხვადასხვა მეთოდებით მხარს ვუჭერთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას: შემოგვყავს ქვეყანაში გლობალური აქსელერატორი, გვაქვს დაფინანსების პროექტები სტარტაპებისთვის. მათ განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა, დამატებით მხარდამჭერი მექანიზმები შემოგვეღო. სწორედ ამას გულისხმობს ახალი საგადასახადო რეჟიმი ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის"- ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნები საკმაოდ მაღალია, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის მხარდამჭერი მექანიზმი, რაც ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოყვება.
საქართველოში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის პირველი მფლობელები - შპს „ჰელიო აისი" და შპს „ეიაი სოლუშენსი" გახდნენ. სტატუსის მინიჭების და მასთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადის 0%-იანი განაკვეთის ამოქმედების ძირითადი მიზანი ინოვაციაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებაა ადრეულ ეტაპზე, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
„პირველ რიგში ეს უნდა იყოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული სტარტაპ პროექტი. მას მოზიდული უნდა ჰქონდეს კერძო ინვესტიცია, მინიმუმ 100 ათასი ლარის ოდენობით, ან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი, მინიმუმ 150 ათასი ლარის გრანტის ოდენობით. თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, სტარტაპი უკვე მიიღებს საქართველოს მთავრობისგან ინოვაციურ სტატუსს, რაც გულისხმობს პირველი სამი წელი აბსოლუტურად ნულოვან საშემოსავლო გადახდის რეჟიმს, რაც არის უპრეცენდენტო არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ჩვენ მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ქართული სტარტაპების სწრაფად განვითარებას, რომ გავიდნენ გლობალურ ბაზარზე და ამით უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა" - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.