ინოვაციური სტარტაპის სტატუსის განსაზღვრა მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ქართული ინოვაციური სტარტაპის გლობალურ კონკურენტუნარიანობას - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სტარტაპ ინოვაციურ სტატუსზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს.
„წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ, სტარტაპ ინოვაციების ეკოსისტემის გასავითარებლად, არაერთი მხარდამჭერი მექანიზმი შემოიღო ქვეყანაში. შესაბამისად, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც საჭირო გახდა ეს ყველაფერი სამართლებრივად ავსახოთ და განვსაზღვროთ, რას გულისხმობს ინოვაციური სტარტაპი. შემდგომ კი მასზე დავაშენოთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროგრამები, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ქართული ინოვაციური სტარტაპის გლობალურ კონკურენტუნარიანობას.“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე განმარტებით, სააგენტომ მუშაობის პროცესში არაერთი ქვეყნის მაგალითი განიხილა და შეისწავლა. საბოლოო ჯამში კი ჩამოყალიბდა კრიტერიუმები, რომლითაც ქართულ კომპანიებს ენიჭებათ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი.
„სავალდებული მექანიზმის მიხედვით, კომპანიას კვალიფიციური ინვესტიცია უნდა ჰქონდეს მიღებული. ეს გულისხმობს, რომ მასში ინვესტიცია უნდა ჰქონდეს განხორციელებული ან აქსელერატორს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მინიმუმ 150 ათასი ლარის ოდენობით, ან თავად ვენჩურულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც ინვესტიციას დებს მხოლოდ და მხოლოდ ინოვაციურ სტარტაპში. გარდა ამისა სტარტაპმა უნდა დაასაბუთოს ინოვაციურობა, რომელსაც ჩვენი კომისია განიხილავს. სტატუსის მიღებამდე და მიღების შემდგომაც მუდმივ მონიტორიგში იქნება მისი შემოსავლები და ხარჯები არსებითად დაკავშირებული არის თუ არა ინოვაციურ საქმიანობასთან. საერთო ჯამში ძალიან რთული პროცესია, ამიტომაც არის, რომ ჯერ მხოლოდ 4 სტარტაპს აქვს მიღებული, თუმცა მიმდინარე ეტაპზე 20-ზე მეტი განვიხილეთ და უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე სტარტაპი მიიღებს აღნიშნულ სტატუსს. ჩვენი მოლოდინია, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ შესაძლოა მოიპოვოს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი“- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ავთანდილ კასრაძემ ასევე ისაუბრა ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობასა და მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს უკვე გადარჩეული და აღიარებული ინოვაციური სტარტაპებისთვის შეთავაზებების განსაკუთრებული პირობებით მიწოდებას.
„სახელმწიფოს მხრიდან დახმარება უნიკალურია, რადგან საშემოსავლო გადასახადი, რაც სტარტაპისთვის ყველაზე დიდი ტვირთია, სრულად განულებულია პირველი სამი წლის განმავლობაში როგორც არ უნდა გაეზარდოთ საწარმოო ბრუნვა“,- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
GITA-ს თავმჯდომარემ სტატუსის შეწყვეტის პირობებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ სხვა საქმიანობა დაიწყო და არა ინოვაციური მიმართულება, ავტომატურად შეუწყდება სტატუსი.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.