იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე და ამ ტერიტორიასთან კორპუსების მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს - კახა კალაძე
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
როგორც მან აღნიშნა, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და მას აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს.
„იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტერიტორიას, რადგან აღნიშნული პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე, რომელსაც პროექტის სახით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს. ის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, გართობისთვის. მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მუნიციპალიტეტი ამ სივრცის ყველანაირად მოწესრიგებას ყოველთვის შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პროექტში, მოსახლეობის თხოვნით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.
„პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ამაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია. მოსახლეობის მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ტერიტორიაზე, მაგალითად, იაპონური, ფრანგული ბაღები არ მოწყობილიყო და უფრო მეტი სივრცე მდელოებს დათმობოდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და პროექტში გარკვეული ჩასწორება მოხდა. შეიძლება ისეთი მასშტაბური ტემპით არ მიმდინარეობდეს სამუშაოები, მაგრამ პროცესი მიდის. ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია ფონდთან დააზუსტეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.