ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებული კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
„საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაზღვევის სექტორში, კონკურენციის რეგულირებას GCCA-ი ახორციელებს, ხოლო მომხმარებელთა უფლებების სფეროში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური.
ბოლო წლებში, ჩვენი უწყებების მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობით არაერთი აქტუალური ბაზრის მონიტორინგი და მოკვლევა განხორციელდა, ასევე სექტორში კონცენტრაციების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხი იქნა განხილული. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ავტოდაზღვევის, საბანკო/სადაზღვევო გარანტიების და საბანკო პროდუქტების დაზღვევის მიმართულებით განხორციელებულ შეფასებებს. გარდა ამისა, ჩვენს უწყებებს კოლეგებთან ერთად შექმნილი გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა - საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიმართება და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული, რომელიც უკვე სამჯერ გაიმართა და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას ემსახურება. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას დაუჭირა მხარი, რომელიც ექვსი მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს 2024-2027 წლებში და ითვალისწინებს სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სექტორის სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე ხელს უწყობს დაზღვევის თემის აქტუალიზაციას და კულტურის ჩამოყალიბებას. ჩვენთვის დაზღვევის ზედამხედველ უწყებასთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სექტორს თანამშრომლობისთვის. გილოცავთ ყველას დაზღვევის დღეს და გისურვებთ წარმატებებს" - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას GCCA -ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
დაზღვევის დღე ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: დავით ონოფრიშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ლევან დავითაშვილი, პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; დავით სონღულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
სხვა სიახლეები
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა
20.08.2026.20:24
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადა.
განსახორციელებელი შესყიდვის პირობები ითვალისწინებს პრეისკურანტის საფუძველზე სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაოების, მათ შორის, პერიოდული შეკეთების, ასევე, საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.
როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150 მლნ. ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების შესრულების ვადა ორივე შემთხვევაში სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა.
აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ასევე, დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებსა და სხვა საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები (გარდა აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი საავტომობილო გზებისა - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696746&lang=ge
დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე და სხვა საავტომობილო გზებზე) ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები - შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=696756&lang=ge