ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.
გამოფენაზე საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
ITB China 2026 შანხაიში იმართება, გამოფენა 26 მაისს მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად გამოფენის მოსამზადებელ სამუშაოებს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შანხაის ორ აეროპორტში, ცენტრალურ მოედნებზე - სულ 400-მდე ლოკაციაზეა გამოფენილი. საქართველოს შესახებ ასევე მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.
საქართველოს ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიებს საშუალება ექნება, შეხვედრები გამართონ პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის გახსნამდე, 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
„ITB China უმსხვილესი პლატფორმაა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. ამასთან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები გაიმართება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტენდის სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს პავილიონში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენის ვიზიტორები ქართული რეწვის ნიმუშებს გაეცნობიან და ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მუზეუმებისა და ფონდებში დაცული კოლექციების შესახებ. გამოფენის მიმდინარეობისას დამთვალიერებლებს ასევე საშუალება ექნებათ, ქართულ ფოლკლორის ნიმუშებს - ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს გაეცნონ, წელს შანხაის გამოფენაზე კულტურულ ღონისძიებას ანსამბლი „რუსთავი" გამართავს.
სხვა სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
31.07.2026.18:01
მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
ავტომობილები შემოვლას შეძლებენ ივანე მაჩაბლის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გამოყენებით. ასევე, ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანებით გადაადგილება დროებით შესაძლებელი იქნება სულხან-საბას ქუჩაზე.
აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.