ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„გთხოვთ, გაეცნოთ ისრაელის სახელმწიფოს რეკომენდაციებს: ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია. ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.
ეგვიპტის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია, გადაკვეთოს საზღვარი Menachem Begin-Taba border crossing 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით.
ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც ეგვიპტის საზღვარზეა შესაძლებელი: ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი; ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი. საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია. შარმ ელ-შეიხიდანშესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში (არის პირდაპირი რეისები). სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074;
იორდანიის შემთხვევაში Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო ავტომობილებისთვის – 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში გადავა 24/7 რეჟიმზე. ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს – 122 შეკელს. რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე. ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანისმიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით ოთხი საათია.
ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799;
ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაკეტილია. გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე: https://www.iaa.gov.il/“, - ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.