„ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს
თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კი, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, ემატა კერძო სექტორიც.
„პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტის მერიასა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო პროექტებისა და პრაქტიკული პროგრამების განხორციელებას, ასევე, კადრების მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრისა და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
მემორანდუმს თბილისის მერმა კახა კალაძემ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მოაწერეს ხელი.
„15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული და 75% დასაქმებული - ეს ის მაჩვენებელია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ამოქმედების შემდეგ მივიღეთ. მერიის ამ მნიშვნელოვან პროგრამას მიმდინარე წელს 2 000-მდე თბილისელი შეუერთდება, რომელიც სრულიად უფასოდ გაივლის 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს. „ისწავლე და დასაქმდი“ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც სწავლის ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ზუსტ თანხვედრაშია. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში შრომის ბაზარი ითხოვდა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც სამწუხაროდ, დეფიციტი იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა გადამზადების და პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლებასა და მათ შემდგომ განვითარებას.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, დაემატნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ, დღეს მუნიციპალიტეტსა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის ფორმდება მემორანდუმი. მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, შეიმუშაოს სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამა, განაგრძოს სტუდენტთა დაფინანსება და მაქსიმალურად მოერგოს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და მადლობა გადაუხადა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურს პროგრამის განხორციელებისთვის, ასევე, პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დედაქალაქის მერიის პროექტია, რომელშიც მიმდინარე წლიდან არსებითი ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური ასაკი 18-ის ნაცვლად, განისაზღვრა 16 წლით; პროგრამის გადამზადებულთათვის ამოქმედდა კარიერული კონსულტირების სერვისი, რომელიც პროგრამის მონაწილეებს დაეხმარება პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კომუნიკაციაში.
გარდა ამისა, თანამედროვე გლობალური ტენდენციებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მიმდინარე მიღებაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული სფერო - ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა, ამ მიმართულებით კი დაემატა ისეთი ახალი კურსები, როგორებიცაა: დრონის მართვის შემსწავლელი კურსი; ელექტროდამტენების სპეციალისტი; ხელოვნური ინტელექტი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; ვებსაიტების აწყობა ხელოვნური ინტელექტით და სხვა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე - dasakmdi.ge. მასში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. სწავლა სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს პარლამენტის დელეგატები და საკრებულოს წევრები, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, „ისწავლე და დასაქმდის“ კურსდამთავრებულები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა - შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
25.08.2026.17:21
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დავით სონღულაშვილმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. დარგის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი და მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოება, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული ღვინის პოზიციებსა და საერთაშორისო ბაზრებზე მის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების დანერგვა. აღნიშნული მიდგომა გასულ წელს რთველის პერიოდში წარმატებით დაინერგა და მევენახეებს მისცა დამატებითი სტიმული, ეზრუნათ ყურძნის კონდიციურობასა და სათანადო მაჩვენებლებზე. წელს კიდევ უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რაც ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
ლევან მეხუზლამ რთველის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი წარმატებით ჩაივლის, მოსავალი ხარისხიანი იქნება და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, მოახდინოს ყურძნის რეალიზაცია და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი ფასებით ჩაიბარებს.
კერძოდ, კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება, ხოლო არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 219 37 18.