იტალიური კრეატიულობა იტალიის რესპუბლიკის დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად
წელს იტალიის რესპუბლიკის დაბადებიდან 80 წლისთავი აღინიშნება.
2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა.

ღონისძიებას, რომელსაც ქართული ინსტიტუციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები იტალიელები, მეწარმეები, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის სფეროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა. ელჩმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა: „დღეს იტალია რესპუბლიკის დაბადების 80 წლისთავს აღნიშნავს. რესპუბლიკის, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის მთავარ პრინციპებს - თავისუფლებას, დემოკრატიას, მშვიდობას, შრომასა და თანასწორობას - ეფუძნება“, - აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ, - „სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებებით არის შთაგონებული იტალიასა და საქართველოს შორის არსებული კავშირები, რომლებიც ინტენსიური კულტურული, დიპლომატიური და ეკონომიური გაცვლებით გამოირჩევა“.
იტალიის ეროვნული დღესასწაული ამ ღირებულებების მნიშვნელობის და, ასევე, საქართველოსთან ურთიერთობის პროგრესის აღნიშვნის მომენტია. ამავე დროს, ეს დღესასწაული იტალიური ცხოვრების სტილისა და კრეატიულობის წარმოჩენის შესაძლებლობაცაა.

იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელ საზეიმო წვეულებაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
• იტალიისა და საქართველოს ჰიმნები, რომლებიც იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოებულმა ცნობილმა ქართველმა მეცოსოპრანო ნინო სურგულაძემ შეასრულა;
• გამოფენა “სვანეთი - დროისა და სივრცის ფარდობითი თამაში”, რომელიც ეძღვნება ქალაქ ბიელაში დაბადებულ იტალიელ ალპინისტსა და ფოტოგრაფს, ვიტორიო სელას, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს მთიანი რეგიონების ამსახველი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. გამოფენის ავტორია ქართველი ალპინისტი და ფოტოგრაფი ნიკა ლებანიძე, რომელმაც 130 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ვიტორიო სელას მარშრუტი გაიმეორა და შექმნა ფოტოგამოსახულებები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ შეცვალა დრომ მთები და პეიზაჟები. გამოფენა ღია იქნება მნახველისთვის 2026 წლის 20 ივლისამდე;
• იტალიის სიამაყედ ქცეული Lamborghini-ს, Ferrari-სა და Alfa Romeo-ს ავტომობილების ექსპოზიცია;
• სახელგანთქმული იტალიური ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი და საუკეთესო იტალიური ღვინოები), იტალიური დელიკატესები და იტალიელი შეფ-მზარეული ანჯელო მანიგრასოს მიერ მომზადებული კერძები პულიის გემოებით (იტალიის საელჩოს მიერ გასულ წლებში კამპანიისა და ემილია-რომანიას რეგიონების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული წარმატებული პროექტის შემდეგ, წელს არაერთი ღონისძიება იტალიის კიდევ ერთ რეგიონს, პულიას მიუძღვნება).
დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.
იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით გაიმართა.

სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.