იტალიური სტარტაპები საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლებს შეხვდნენ
თბილისის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლები იტალიურ სტარტაპებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრა, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნეს, GITA-სა და იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარდეს და გადაიზარდოს კონკრეტულ პარტნიორობაში, ინვესტიციებსა და ახალ ბიზნეს შესაძლებლობებში.
“ჩვენი მიზანია, დავაკავშიროთ ორი ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემები, გავხსნათ ახალი ბაზრები ქართული სტარტაპებისთვის და შევქმნათ საფუძველი ერთობლივი ტექნოლოგიური პროექტებისთვის”- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
შეხვედრაზე იტალიელმა სტარტაპებმა ქართველ მონაწილეებს საკუთარი საქმიანობა და ინოვაციური გადაწყვეტილებები გააცნეს. შეხვედრის პროგრამა ასევე მოიცავდა სახელმწიფო სააგენტოების (GITA, ITA) პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიასა და ინდივიდუალურ B2B შეხვედრებს.
ვიზიტი საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდება. 29 სექტემბერს იტალიური სტარტაპები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ეწვევიან, სადაც ისინი საქართველოს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლებს, სტარტაპებსა და ტექნოლოგიური სფეროს სხვა მონაწილეებს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შესაძლებლობებს და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სხვა სიახლეები
ComCom-მა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გამართა
29.09.2026.19:52
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მონტენეგროში გამართულ ITU-EKIP-ის ევროპის რეგიონული მარეგულირებელი ფორუმის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს.
ფორუმის ღონისძიების გახსნის სესიის დროს კომუნიკაციების კომისიისა და მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სააგენტოს (EKIP) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ComCom-ის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და EKIP-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ელვის ბაბაჩიჩიმ მოაწერეს ხელი.
ფორუმის ფარგლებში, გოგა გულორდავამ და ეკატერინე იმედაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს ჩრდილოეთ მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს (AEC) კომისიის წევრებთან, მალტის კომუნიკაციების ორგანოს (MCA) აღმასრულებელ დირექტორსა და ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან.
ჩრდილოეთ მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს (AEC) კომისიის წევრებთან შეხვედრისას მხარეებმა ComCom-სა და AEC-ს შორის თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების, კონკურენციის ხელშეწყობის, სიხშირული რესურსის მართვისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
მალტის კომუნიკაციების ორგანოს (MCA) აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას, მხარეებმა ბოლო წლებში განხორციელებული თანამშრომლობა შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ComCom-სა და MCA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა. მას შემდეგ უწყებებს შორის არა ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირების სხვადასხვა საკითხზე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმდინარე პრიორიტეტების განახლებისა და სექტორის რეგულირების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით შემდგომი სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაზეც ისაუბრეს.
ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა ონლაინ დაცვის, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს დაეთმო. ComCom-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ITU-ს გამოცდილების მნიშვნელობას ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ITU-სთან ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიისა და შესაბამისი უნარების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ITU-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელს (EaPeReg) შორის თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივად განსაზღვრის შესაძლებლობები.