იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გადადგმულ ნაბიჯებს
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის მშენებლობასა და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„2023 წლის 20 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო, საორიენტაციოდ, 12 თვის ვადაში გამოავლენს პროექტის საუკეთესო ინვესტორს, რაც განხორციელდება საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო არ დაელოდება ინტერესთა გამოხატვის შედეგებს და თავად განახორციელებს საინჟინრო და გარემოსდაცვით კვლევებს ისევე, როგორც დაიწყებს პორტისთვის საჭირო კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს (მათ შორის, საუბარია ტალღმტეხი ნაგებობის მშენებლობაზე). სახელმწიფოს განზრახვაა, ერთობლივ კომპანიაში სახელმწიფოს წილი შეადგენდეს 51%-ს, ხოლო 49% - ეკუთვნოდეს ინვესტორს იმგვარად, რომ დაცული იყოს ინვესტორის უფლებები და პორტის ოპერირების ხელშეუხებლობა.
ამასთან, უზრუნველყოფილი იყოს ინვესტორისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების საშუალებები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მოცემული პროექტი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო გამოიყენებს ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატს, რაც საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის პრაქტიკულად ამუშავების ახალი სტიმული გახდება.
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის მშენებლობას, როგორც სახელმწიფო და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტს, რომელიც კიდევ ერთხელ მონიშნავს საქართველოს გლობალურ რუკაზე.
პროექტის მხარდაჭერის ნიშნად, იურიდიულ ფირმას განზრახული აქვს, პარტნიორებთან ერთად, აწარმოოს შესაბამისი კამპანია როგორც პოტენციური ინვესტორების, ისე სახელმწიფოსა და ანალიტიკური წრეების ჩართულობით, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გაჟღერდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.