ივერთუბნის დასახლებაში ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა ორი თვით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას განაგრძობს.
ამჯერად, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე მოეწყობა. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 14 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ბეთაშვილისა და მერი შერვაშიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ნიკოლოზ ხუდადოვისა და მერი შერვაშიძის ქუჩების გამოყენებით.
ასევე, იოსებ ჟორდანიას ქუჩის, მერი შერვაშიძის II შესახვევისა და მერი შერვაშიძის ქუჩის გამოყენებით. ამასთანავე, ავტომობილები იმოძრავებენ ბეთაშვილისა და შერვაშიძის ქუჩების კვეთიდან შერვაშიძის, ხუდადოვისა და ზამთრიანის ქუჩების, შერვაშიძის ქუჩის, შერვაშიძის II შესახვევისა და იოსებ ჟორდანიას ქუჩის საშუალებით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.