ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურის კონცეფციას საავადმყოფოს თანამშრომლებს 7 აპრილს წარუდგენს
ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს 7 აპრილს შეხვდება და კონცეფციას წარუდგენს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პარასკევს გვაქვს დაგეგმილი ეს ღონისძიება, დეტალურად წარვადგენთ ჩვენი შეთავაზების ყველა პირობას როგორც თანამშრომლებთან, ასევე დეტალურად გავივლით რა ინფორმაციაც გვაქვს ამ ეტაპზე კლინიკასთან დაკავშირებით, რა გზით მივდივართ. რადგან პროცესი არის არცთუ ისე ხანმოკლე. პარალელურად, რამდენიმე კომპანიაში მიდის შეფასებითი სამუშაოები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე ტექნიკური თვალსაზრისით, რას ვიზამთ, დემონტაჟი მოხდება, რეაბილიტაცია განხორციელდება თუ რა, მივიღებთ უკვე ყველა დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფო კლინიკა, თანამედროვე კლინიკა და სტანდარტების შესაბამისი, არ შეიცვლება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობას ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს. ასევე საკითხის შესწავლა განაახლა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაქირავებული ექსპერტების ჯგუფმა და საბოლოო დასკვნა მალე მომზადდება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.