ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ, GMP სტანდარტით, იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში, იმპორტით შემოდის
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ, GMP სტანდარტით, იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში, იმპორტით შემოდის. მიზანი, ქვეყანაში, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფაა.
პროექტის ფარგლებში, პირველი, ბანგლადეშში მდებარე, ის რამდენიმე საწარმო შემოწმდა, საიდანაც საქართველოს ბაზარზე, 35 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტი შემოდის. ინსპექტირების ფარგლებში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ბანგლადეშში მდებარე Drug International Limited-ის სამ საწარმოში იმყოფებოდნენ. ადგილზე, დეტალურად შემოწმდა წარმოების პროცესი, შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საწარმოო და ხარისხის კონტროლის ოპერაციები, მასალების მართვა და ყველა ის პროცედურა, რაც აუცილებელია საქართველოში მოქმედი GMP სტანდარტის დასაკმაყოფილებლად.
ინსპექტირებისას აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, განისაზღვრება გონივრული ვადა, მომდევნო ნაბიჯებს კი, რეგულირების სააგენტო, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მიხედვით განახორციელებს. რეგულირების სააგენტო, ბანგლადეშის შემდეგ, ინდოეთსა და უზბეკეთში მდებარე იმ საწარმოებს შეამოწმებს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში შემოდის.
იმპორტირებული მედიკამენტების მწარმოებელთა ინსპექტირება დამკვიდრებული პრაქტიკაა თურქეთსა და ევროპაში, რომლებთანაც, საქართველო, ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული GMP სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საწარმოები მოწმდება, ევროკავშირის მიერ აღიარებული სტანდარტების შესაბამისია.
ჯანდაცვის სამინისტრო, ეტაპობრივად, ქვეყანაში იმპორტირებული წამლების ყველა მწარმოებელი კომპანიის ინსპექტირებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის GMP სტანდარტი, ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკა, სავალდებულო, 2022 წლის იანვრიდან გახდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.