ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა
ჰანს კლუგემ, საქართველოში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა - ფასების რეგულირებამ და რეფერენტული ფასების განსაზღვრამ - ონკოლოგიური წამლების ღირებულების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა. მისივე თქმით, ეს ცვლილებები, სახელმწიფოსთვის, ორჯერ მეტი მედიკამენტების შესყიდვების საშუალებას იძლევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, სიტყვით გამოსვლისას საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილთან ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული რეფორმები განიხილა.
„თუ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს ფული ექიმთან წასასვლელად, ან მედიკამენტისთვის, ეს მხოლოდ პრაქტიკული პრობლემა არ არის, ეს ეთიკური პრობლემაა, იმიტომ რომ ადამიანები კარგავენ ნდობას მთავრობების, ჩვენ მიმართ. თუმცა, არსებობს ბევრი კარგი მაგალითი. ახლახან, ვიმყოფებოდი უმშვენიერეს თბილისში, საქართველოში, რათა განმეხილა ჯანდაცვის მინისტრთან, ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, თუ როგორ მოახერხეს ფასების რეგულაციაზე, რეფერენტულ ფასებზე ერთიანი სამუშაოს წარმართვა, რამაც საბოლოოდ, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა, რაც ნიშნავს, რომ ახლა, საქართველოს, ორჯერ მეტი [მედიკამენტების] შესყიდვის საშუალება აქვს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.