ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის" (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის" (შესწორებული) (MLC, 2006) 2022 წლის ცვლილებები" და საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" განიხილეს.
საკითხი განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა წარადგინა.
მისი განცხადებით, 2023 წელს საქართველომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის" რატიფიცირება განახორციელა, რომელიც მეზღვაურთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
მომხსენებლის თქმით, 2022 წლის ივნისში კონვენციაში ცვლილებები შევიდა, რომელთა მთავარი მიზანი მეზღვაურთა უფლებებისა და სამუშაო პირობების დაცვის შემდგომი გაძლიერება და იმ პრაქტიკული პრობლემების გათვალისწინებაა, რომლებიც განსაკუთრებით მკაფიოდ ბოლო წლებში გამოვლინდა.
თამარ იოსელიანის განმარტებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მეზღვაურთა რეპატრიაცია და მიტოვების შემთხვევებია. ცვლილებებით უფრო მკაფიოდ განისაზღვრა სახელმწიფოსა და შესაბამისი სუბიექტების პასუხისმგებლობა, რათა მეზღვაური სათანადო დახმარების გარეშე არ დარჩეს და უზრუნველყოფილი იყოს მისი დროული დაბრუნება სამშობლოში.
განსაკუთრებულად ყურადღება გემთმფლობლის მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულების შემთხვევებს და მეზღვაურთა ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებას ეთმობა.
კონვენციით კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვრება, რომ გემზე მყოფი მეზღვაურებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი პირობები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მიერ აღნიშნული ცვლილებების რატიფიცირება ასევე საჭიროებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას.
აქედან გამომდინარე, ცვლილებები შედის „მეზღვაურთა შრომის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონებში.
„საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს მიერ საზღვაო შრომის საერთაშორისო სტანდარტების თანმიმდევრულ დანერგვას წარმოადგენს. ეს ასევე ხელს შეუწყობს მეზღვაურთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის გაუმჯობესებას, უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას და საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ, Nasdaq-თან პარტნიორობით, „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს" უმასპინძლეს
14.09.2026.16:57
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ლიბერთი ბანკი", „ტერაბანკი" და „ბაზისბანკი" სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.
ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა, რომლის თქმით, თანამედროვე, ლიკვიდური და საერთაშორისოდ დაკავშირებული ფინანსური ბაზარი აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ჩვენი ამოცანაა, საფინანსო ბაზრის განვითარებისთვის ამ დრომდე შექმნილი საფუძველი რეალურ საბაზრო აქტივობად გარდავქმნათ - მივიღოთ უფრო მეტი ჰეჯირების ინსტრუმენტები, მეტად აქტიური და ლიკვიდური ბაზარი და ადგილობრივ მოთამაშეებს ჰქონდეთ საერთაშორისო ინვესტორებთან და კონტრაგენტებთან უფრო მჭიდრო კავშირები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის" აღმასრულებელი მდივნის ლაშა ჯუღელის განცხადებით, GFMTA-ის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება საქართველოს ფინანსურ ბაზრებს გახდეს უფრო ღრმა და აქტიური, და ამ გზაზე ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ საყრდენს Nasdaq Calypso-ს საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვა წარმოადგენს.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურმა ზრდამ წარმოშვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახაზინო ინფრასტრუქტურის საჭიროება. Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში. პროექტის მონაწილე ხუთი ბანკი ბაზრის მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს, თუმცა პროექტი მოიაზრებს მომავალში უფრო მეტად გაფართოებას და ახალი მონაწილე ბანკების დამატების შესაძლებლობას", - განაცხადა ლაშა ჯუღელმა.
Nasdaq-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის ბრედ უილმოტის თქმით, Nasdaq, როგორც ტექნოლოგიური პარტნიორი, ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFMTA-ის ინიციატივას.
„საზიარო სახაზინო მართვის სისტემა ყველა მონაწილე ბანკს აძლევს წვდომას იმავე ინსტიტუციური დონის ტექნოლოგიასა და სტანდარტებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი ბაზრები იყენებენ. Nasdaq-ისთვის დიდი პატივია, ვიყოთ საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFMTA-ის ტექნოლოგიური პარტნიორი ამ მნიშვნელოვან გზაზე, და მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის გაგრძელებას", - აღნიშნა ბრედ უილმოტმა.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ოფიციალური პირები, მათ შორის ცენტრალური ბანკები, სახელმწიფო უწყებები, კომერციული ბანკები, საბაზრო ინფრასტრუქტურის პროვაიდერები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები, რომლებმაც საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი და შემდგომში დაგეგმილი ნაბიჯები განიხილეს. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბაზრების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, ქართული ბანკების სახაზინო ოპერაციების ტრანსფორმაცია, ლარში დენომინირებული დერივატივების ბაზრის სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული მექანიზმები, და ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის ზრდის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ GMAP ფორუმის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება. ამასთან, GMAP-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFMTA-ის მიერ, პროგრამის მიზნების მხარდასაჭერად, წლის განმავლობაში სხვა ტიპის დამატებითი აქტივობებიცაა დაგეგმილი.