ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტმა, 2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის დინამიკა დადებითია, მაინც შორს ვართ იმ მაჩვენებლისაგან, როდესაც სკრინინგის ზოგადეფექტურობაზე შეიძლება იყოს საუბარი.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ აქტივობას, რომელიც ორიენტირებულია დაავადებათა გავრცელების პრევენციასა და ადრეულ დიაგნოსტიკაზე. ამ ფაქტორს ჯანდაცვის ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია დიდი წარმატების მოტანა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი, ეს მაინც ბევრად შორსაა ეფექტურობის ნორმალური მაჩვენებლისგან. დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ მოსახლეობის მოცვა 70%-ს შეადგენს, საქართველოში კი კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მაჩვენებელი რეკომენდებულს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება. ეს მაჩვენებელი მოითხოვს გაუმჯობესებას", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამიზნე მაჩვენებლამდე მიღწევა ერთ-ორ წელიწადში შეუძლებელია, არარეალურია, ამიტომ სამინისტროს, მთავრობის გეგმები მაჩვენებლების ეტაპობრივად გაზრდას უკავშირდება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ მოცვის 70%-იან მაჩვენებელს რამდენიმე წელიწადში დაუახლოვდეს.
მან ასევე ისაუბრა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სკრინინგის გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ გეგმაზე.
„გავაანალიზეთ, თუ რა გამოწვევები არსებობს სკრინინგის პროგრამის სრულყოფილად ამოქმედების და დაავადებათა ადრეულად გამოვლენისთვის. რას აკეთებს სამინისტრო ამ მიმართულებით. კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა სკრინინგ პროგრამაში. მინისტრმა გაგვაცნო ის გეგმები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს სკრინინგის პროგრამის მოცულობის გაზრდას ქვეყანაში, რაც უპირველეს ყოვლისა, კიბოს პრევენციას შეუწყობს ხელს და დაავადებას შეამცირებს", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კომიტეტი და სამინისტრო პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისთვის აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.