ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზაზე მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოების შესრულების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიზღუდება მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე.
„ტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე.
გარდა ამისა, შეზღუდვის პერიოდში დროებით დაიკეტება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზის, ჯაპანას, ნიგოითის, ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს შექმნილი დროებითი შეზღუდვის გამო ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ აღნიშნული ინფორმაცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ახალი მოადგილე წარადგინა
20.08.2026.17:39
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, მოადგილედ ზვიად დვალი წარუდგინა.
უწყების ხელმძღვანელმა, ზვიად დვალს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ზვიად დვალმა შემოსავლების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ახალი მოადგილე, ზვიად დვალი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. მას საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მოადგილის რანგში, აუდიტის დეპარტამენტს გაუწევს კურირებას.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ ჩოკოშვილს პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ პოზიციამდე მიხეილ ჩოკოშვილი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას უწყების უფროსის მოადგილეები - ია ახალაია, ირაკლი შარტავა და ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.