ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის მიზანი საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების, აგრობიომრავალფეროვნების, უნიკალური ენდემური სახეობებისა და ქართული ჯიშების დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებაა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ეროვნული გენეტიკური ბანკი უზრუნველყოფს ქართული და საერთაშორისო მცენარეთა გენეტიკური რესურსების გასამრავლებელი მასალების საშუალო და გრძელვადიან შენახვას. ბანკი ასევე ხელს შეუწყობს გენეტიკური რესურსების კონსერვაციას, კვლევას, აღდგენას, სელექციურ პროცესებში გამოყენებასა და გავრცელებას.
„საქართველო გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. იგი მრავალი კულტურის პირველადი წარმოშობის ადგილია, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ხორბალსა და ვაზს უკავია. მრავალათასწლიანი ისტორიისა და მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის შედეგად მიღებული გენეტიკური რესურსების დაცვა და შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ერთიანი ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საიმედო შენახვის პირობები მოგვცემს შესაძლებლობას, ქართული კულტურების გენეტიკური რესურსები გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ და მათი სამომავლო გამოყენებისთვის შესაბამისი სამეცნიერო საფუძველი შევქმნათ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
18.11.2026.13:22
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალებით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა შემოქმედი, რომლისთვისაც პოეზია იყო შინაგანი სამყაროს, ადამიანური განცდების, სულიერი ფასეულობებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გამოხატვის განსაკუთრებული საშუალება. მისი შემოქმედება, პოეტური სიტყვა და პიროვნული დამოკიდებულება კულტურისა და ლიტერატურისადმი იმ შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც მკითხველთა მეხსიერებაში დარჩება.
განსაკუთრებით ემოციური და სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გარემოებას, რომ პოეტის ბოლო პოეზიის საღამო მის ალმა-მატერში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ გაიმართა. ეს იყო ერთგვარი სულიერი დაბრუნება იმ აკადემიურ და შემოქმედებით გარემოში, რომელიც მისი ცხოვრების, შემოქმედებითი გზისა და პიროვნული მოგონებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მშობლიური უნივერსიტეტის სცენაზე წარმოთქმული მისი პოეტური სიტყვა, შეხვედრა მსმენელთან, შემოქმედების გაზიარება და ის ემოციურად სისხლსავსე ატმოსფერო, რომელიც თან ახლდა ამ საღამოს, საუნივერსიტეტო საზოგადოების მეხსიერებაში განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება.
დღეს, პოეტის გარდაცვალების შემდეგ, ეს უკანასკნელი შეხვედრა, უკანასკნელი პოეზიის საღამო კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. თითქოს მისმა პოეზიამ თვითონ აირჩია სიმბოლური დასასრული - დაბრუნება მშობლიურ უნივერსიტეტში, იმ სივრცეში, სადაც ცოდნა, მეცნიერება, საინჟინრო აზროვნება, სახელოვნებო ტრადიციები თაობებს აერთიანებს.
ამ მძიმე წუთებში თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვუსურვებთ გამძლეობას ამ უდიდესი დანაკარგის გადასატანად.
ალექსანდრე (საშა) გველესიანის ხსოვნა დაივანებს მის პოეზიაში, მის მიერ დატოვებულ სიტყვაში და იმ ადამიანების გულებში, რომელთათვისაც მისი შემოქმედება ძვირფასი იყო; მისი უკანასკნელი პოეზიის საღამო კი, სამუდამოდ დარჩება იმ თბილ და ემოციურ მოგონებად, რომელიც პოეტსა და მის ალმა-მატერს შორის არსებულ სულიერ კავშირს განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ალექსანდრე გველესიანის ავტორობით გამოიცა ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“ „სულ ცოტა...“, „ლექსები“, „ასათიანის 22“ და „მე - დიდი დათვი“.