ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის შემავსებელი ქსელის სარეაბილიტაციო პროექტში 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 1.5 კმ-მდე სიგრძის ამორტიზებული მაგისტრალი, მოეწყო 11 სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა 13 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
მიმდინარე გადაერთებით სამუშაოებს ადგილზე ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი გაეცნენ.
„იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია ჯივიპის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პროექტია, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების 1.5 კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი სრულად განახლდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. სწორედ ახლა მიმდინარეობს განახლებულ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები. პროცესის მაქსიმალურად ოპერატიულად წარმართვის მიზნით, ჩვენი ტექნიკური ჯგუფები 8 სხვადასხვა ლოკაციაზე, პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შევასრულებთ, რათა პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მოსახლეობას წყალმომარაგება დროულად აღუდგეს."- თეიმურაზ ლოჩოშვილი, GWP-ის საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი.
„ყველა პროექტი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას აუმჯობესებს, ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე იაღლუჯზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი რეზერვუარის შემავსებელი 1.5 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი განახლდა და გაიზარდა მილის დიამეტრიც, რაც რუსთავის სტაბილურ და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს." - ბესიკ ტოგონიძე, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე.
განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, მაგისტრალურ მილზე სამუშაოები 6 ნოემბრის ღამის 03:00 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს, წყლის მიწოდება 7 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან სრულად აღუდგება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.