ჯივიპი ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტებს აგრძელებს
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს აქტიურად აგრძელებს.
მიმდინარე ეტაპზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასთან ერთად წყალარინების მოძველებული და ამორტიზებული ქსელების შეცვლა-განახლება მიმდინარეობს. მათ შორის უკვე დასრულდა ქალაქ რუსთავში, რუსთაველის გამზირის N46-თან მდებარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და აქტიურ ფაზაშია ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩა N 7, 9, 11 და გიორგაძის ქუჩა N20-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელების განახლების პროექტები. პარალელურად მიმდინარეობს ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების ახალი მაგისტრალის მოწყობის II ეტაპის სამუშოები, რომლის ფაგრლებშიც 2.5 კმ მაგისტრალური მილსადენი მოეწყობა.
ქალაქ რუსთავში, მიმდინარე წლის ბოლომდე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო პროექტები 19 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება.
აღნიშნულ პროექტებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჯამურად 8 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციათან ერთად, ქალაქ რუსთავში გრძელდება ქსელების სადიაგნოსტიკო სამუშაოები, რაც წყლის დანაკარგებისა და ფარული ჟონვების შემცირებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული, ქსელის დაზიანებული მონაკვეთები ეტაპობრივად განახლდება.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიმდინარე წელს დაგეგმილი და ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას რუსთავის მოსახლეობას მუდმივად, სამუშაოების ყველა ეტაპზე მიაწვდის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.