ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალაირინების ქსელების განახლების დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ასრულებს.
რეაბილიტაციის შედეგად ექსპლუატაციაში შევა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები. პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.
რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
„რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განლაგებიდან გამომდინარე, ქსელების დამატებით ჩაღრმავება გახდა საჭირო - წყალარინების ქსელი 6 მეტრის, ხოლო წყალსადენის ქსელი 2 მეტრის სიღრმეზე განთავსდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოძველებული თუჯის მილები თანამედროვე, ორმაგი შიდა და გარე იზოლაციის მქონე ფოლადის მილებით, ხოლო წყალარინების ქსელი რკინა-ბეტონის არმირებული მილებით ჩანაცვლდა. არსებული გამოწვევების მიუხედავად, სამუშაოები უმოკლეს ვადებში და მაღალი ხარისხით შესრულდა” - გიორგი ვეშაპიძე, დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის მიმართულებით.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
“ჯივიპიმ რუსთაველის გამზირზე არსებული მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლა. ახალი მილსადენები და გამოყენებული მასალები თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს სრულად შეესაბამება, რაც მათი ხანგრძლივი და საიმედო ექსპლუატაციის გარანტიას იძლევა. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში პროექტი სრულად დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა“ - ” - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი .
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.