ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალაირინების ქსელების განახლების დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ასრულებს.
რეაბილიტაციის შედეგად ექსპლუატაციაში შევა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები. პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.
რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
„რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განლაგებიდან გამომდინარე, ქსელების დამატებით ჩაღრმავება გახდა საჭირო - წყალარინების ქსელი 6 მეტრის, ხოლო წყალსადენის ქსელი 2 მეტრის სიღრმეზე განთავსდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოძველებული თუჯის მილები თანამედროვე, ორმაგი შიდა და გარე იზოლაციის მქონე ფოლადის მილებით, ხოლო წყალარინების ქსელი რკინა-ბეტონის არმირებული მილებით ჩანაცვლდა. არსებული გამოწვევების მიუხედავად, სამუშაოები უმოკლეს ვადებში და მაღალი ხარისხით შესრულდა” - გიორგი ვეშაპიძე, ჯივიპის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
“ჯივიპიმ რუსთაველის გამზირზე არსებული მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლა. ახალი მილსადენები და გამოყენებული მასალები თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს სრულად შეესაბამება, რაც მათი ხანგრძლივი და საიმედო ექსპლუატაციის გარანტიას იძლევა. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში პროექტი სრულად დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა“ - ” - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი .
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს “5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის” მეხუთე ნაკადზე მიღება დაიწყო
01.10.2026.15:59
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს “5000 IT სპეციალისტის მომზადების მასშტაბური პროგრამის" ფინალურ, მე-5 ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნული ნაკადის ფარგლებში კიდევ 1000 მონაწილე შეძლებს, სახელმწიფოს დაფინანსებით, სრულიად უფასოდ დაეუფლოს ციფრული სექტორის ყველაზე პოპულარულ და პერსპექტიულ მიმართულებებს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 16 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. პროგრამის მონაწილეებს 14 ტრენინგ-პროვაიდერი გადაამზადებს. ისინი აპლიკანტებს 80-მდე სხვადასხვა კურსს შესთავაზებენ. მეხუთე ნაკადის ფარგლებში მონაწილეებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ექნებათ ოთხი ძირითადი მიმართულებით: პროგრამირება; ხელოვნური ინტელექტი; დიზაინი და მართვა/მხარდაჭერა.
რეგისტრაცია შესაძლებელია 1 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე - edu.doit.gov.ge.
სასწავლო კურსებზე ჩარიცხვა მოხდება ორეტაპიანი შერჩევის საფუძველზე. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული პირები გაივლიან ონლაინ ტესტირებას, ხოლო ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მეორე, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატები არჩეულ კურსზე ოფიციალურად ჩაირიცხებიან.