ჯივიპის სასწავლო აკადემიისა და USAID-ის თანამშრომლობა ავტორიზებული პროფესიული სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და USAID-ის პროგრამას ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის გაფორმდა პარტნიორობის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, ჯამურად 515,537 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში ავტორიზებული, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, პროფესიული პროგრამების შექმნა და დანერგვა.
პარტნიორობა ითვალისწინებს ინოვაციური მიდგომების შექმნასა და კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალ ანაზღაურებად დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
ჯივიპის სასწავლო აკადემიაში ავტორიზებული პროგრამების შესამუშავებლად და დასანერგად მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ჰიდრო-ინჟინრები და ექსპერტები.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის და USAID-ის თანამშრომლობის ფარგლებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ექსპლუატაციის ავტორიზებულ პროგრამებში ჩაერთვებიან წყალმომარაგების სფეროში კარიერის დაწყებით დაინტერესებული პირები, რომელთაც ჯივიპი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას შეუქმნის. ასევე, ავტორიზებული გადამზადების პროგრამებით კვალიფიკაციას აიმაღლებენ კომპანიის არსებული თანამშრომლები შემდგომი კარიერული განვითარებისმიზნით.
2024-2025 წლის განმავლობაში გადამზადებას გაივლის 90 ბენეფიციარი. პროცესი სრულად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სასწავლო ცენტრის ბაზაზე განხორციელდება.
USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროგრამამ უკვე გააფორმა 60-ზე მეტი პარტნიორობა დამსაქმებლებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ტრანსპორტის, სამშენებლო, ლოჯისტიკის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სტუმარმასპინძლობის, მომსახურების და სხვა სწრაფად მზარდ სექტორებში.
ჯივიპისა და USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში წყალმომარაგების სფეროს განვითარებისა და დარგში კვალიფიციური სამუშაო ძალის შესაქმნელად.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.