ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ - ჯივიპის გენერალური დირექტორი
ჯივიპიმ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები და მიმდინარე პროექტები წარადგინა. კომპანიის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ავარიებზე რეაგირების დროისა და ოპერატიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იყო.
"Aqualia-ს მიერ ჩატარებული სისტემური აუდიტის შემდეგ მყისიერად დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა გაგვეუმჯობესებინა ის კრიტიკული მაჩვენებლები რაც საოპერაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით გამოიკვეთა. შესაბამისად შევიმუშავეთ 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი ამოცანაც ქართულ წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტის დანერგვა იყო. უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენ მომხმარებელს - ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც Aqualia-ს თითოეული ნაბიჯი ემსახურება!“ - განაცხადა ჯივიპის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა.
ჯივიპიში ევროპული სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვით Aqualia-მ შეძლო:
მულტიფუნქციური ბრიგადების ჩართულობით ოპერატიულობის გაზრდა, გარდამავალი ინციდენტების რაოდენობის 14-ჯერ, ხოლო წყალმომარაგების ქსელის დაზიანებებზე რეაგირების დროის 2-ჯერ შემცირება;
სადიაგნოსტიკო ჯგუფების მუშაობით წყალმომარაგების ქსელზე 900-მდე ფარული დაზიანების აღმოჩენა და ქსელზე პრევენციული აღდგენა, რამაც ჯამში წყალმომარაგების 400-მდე შეზღუდვა აარიდა თბილისისა და რუსთავის მოსახლეობას;
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 90 კილომეტრამდე წყალსადენისა და წყალარინების ქსელის განახლება და ჯამში 96 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 160 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება;
ქსელზე 1,173 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების საშუალოდ 8%-ით შემცირება;
ამ ეტაპზე ჯივიპის გუნდი აქტიურად იმუშავებს საოპერაციო მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სამომხმარებლო სერვისების მოდერნიზაციასა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციაზე. კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, წყალმომარაგების სფეროში უპრეცენდენტო - 363 მილიონ ლარიან ინვესტიციას განახორციელებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.