„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოქმედი კანონმდებლობისა და სემეკის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოში, წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიერთებების აღრიცხვისა და მოწესრიგების პროცესი განახორციელა.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ყველა მომხმარებლისთვის თანაბარი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფას, სისტემაში არსებული დაურეგისტრირებელი ობიექტების იდენტიფიცირებასა და მოწესრიგებას.
მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლინდა ტექნიკური და სისტემური ხარვეზები, რის შედეგადაც დაფიქსირდა ცდომილებები და რიგ აბონენტებს არასწორად დაერიცხათ დავალიანება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღიარებს დაშვებულ შეცდომას, მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ვითარებისთვის.
კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული აბონენტის შემთხვევას. მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით 10 სექტემბერს, დღის ბოლომდე მიეწოდებათ და არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ ჯივიპის ცხელ ხაზსა და სერვის ცენტრებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უზრუნველყოფს თითოეული საკითხის ინდივიდუალურ, ოპერატიულ განხილვასა და დარიცხული თანხის დაკორექტირებას.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
09.11.2026.15:14
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეს და 200 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ალკოჰოლური სასმლისთვის განკუთვნილი 500 000 ცალი ყალბი აქციზური მარკის უცხო ქვეყანაში დამზადებასა და საქართველოში შემოტანას დაჰპირდნენ. ყალბი აქციზური მარკების შემოტანას ბრალდებულები რამდენიმე ეტაპად გეგმავდნენ. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყალბი აქციზური მარკების შემოტანისა და გასაღების პირველივე ფაქტზე დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში ჩამოიტანეს 100 000 ერთეული და 40 000 აშშ დოლარად მიჰყიდეს საქართველოს მოქალაქეს.
აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.