კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება რასაკვირველია მიულოცა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა. ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. ყველაზე კარგია, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება. უნდა ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზეც ღირსეულად წარდგება. ეს ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ერთჯერადი აქტი არაა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობისაა, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ეფექტი მოჰყვება. წარმოიდგინეთ რამდენი ბავშვია, რომელსაც გაუჩნდა მეტი მოტივაცია, სურვილი, რომ ფეხბურთელი, სპორტსმენი გამოვიდეს. ეს ყველაფერი თანხვედრაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, სპორტის განვითარების მიმართულებით, არაერთი სამუშაო განხორციელდა, თუმცა მომავალში მსგავსი პროექტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„ჩვენ, ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რომ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურით დავეწიოთ. ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა: სტადიონები, ბავშვთა აკადემიები, სპორტული მოედნების დაბრუნება, რომლებიც კორპუსების ასაშენებლად იყო გაყიდული, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ეს პროცესი კიდევ უფრო მეტი დოზით გაგრძელდება, რადგან ჩვენ მართლა საფეხბურთო ქვეყანა ვართ - გვაქვს ისტორია, წარსული, აწმყო, რაც ძალიან კარგია, ასევე, მომავალიც. ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, ყველა ფეხბურთელს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს საკუთარი თავი, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ეს არის პლატფორმა, სადაც მსოფლიოს ყველა ძლიერი გუნდი აკვირდება ფეხბურთელებს, უყურებს მათ შესაძლებლობებს და საუკეთესოებს ყიდულობს. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელებისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.